მენჯ ბარძაყის სახსრის ართროზი
მენჯ ბარძაყის სახსრის ართროზი, იგივე კოქსართროზი, არის სახსრის ხრტილის თანდათანობითი ცვეთა. ხრტილი, რომელიც ძვლების ზედაპირებს ერთმანეთზე რბილად ასრიალებს, თხელდება და უხეშდება. შედეგად ჩნდება ტკივილი საზარდულში, დილის სიხისტე და სიარულის დისტანციის შემცირება. ართროზი ქრონიკული და პროგრესირებადი დაავადებაა, მაგრამ მისი მიმდინარეობა მართვადია.
რა არის ართროზი და როგორ განილევა ხრტილი
მენჯ ბარძაყის სახსარი ბურთისა და ბუდის პრინციპით მუშაობს. ბარძაყის ძვლის მრგვალი თავი ჯდება მენჯის ძვალში არსებულ ბუდეში, რომელსაც აცეტაბულუმი ჰქვია. ორივე ზედაპირი დაფარულია ხრტილით — გლუვი, მოქნილი ქსოვილით, რომელიც დარტყმებს ანელებს და მოძრაობას უხმაუროდ და უმტკივნეულოდ ატარებს.
ართროზის დროს ეს ხრტილი თანდათან თხელდება. ჯერ კარგავს სიგლუვეს და დრეკადობას, შემდეგ მასზე ჩნდება ბზარები, ბოლოს კი ადგილ ადგილ მთლიანად ქრება და ძვალი ძვალს ეხება. სწორედ ამ მომენტიდან ხდება ტკივილი მუდმივი.
პარალელურად სახსარი ცდილობს დაზიანების კომპენსირებას: ძვლის კიდეებზე ჩნდება ოსტეოფიტები, ანუ ძვლოვანი გამონაზარდები, სახსრის ღრეჩო ვიწროვდება და მოძრაობის ამპლიტუდა მცირდება. ეს ცვლილებები რენტგენზე კარგად ჩანს.
ხრტილს არ აქვს საკუთარი სისხლძარღვები და ნერვები. ამიტომ, ერთი მხრივ, ის თითქმის არ აღდგება, ხოლო მეორე მხრივ, დაზიანების ადრეულ ეტაპზე ტკივილი შეიძლება საერთოდ არ იყოს. ეს ხსნის, რატომ მოდის პაციენტების დიდი ნაწილი ექიმთან მაშინ, როცა ცვლილებები უკვე მნიშვნელოვანია.
ართროზი თუ ართრიტი, რა განსხვავებაა
ართროზი არის ხრტილის ცვეთა, ანუ მექანიკური, დეგენერაციული პროცესი. ართრიტი არის სახსრის ანთება. ისინი შეიძლება ერთდროულადაც არსებობდეს, მაგრამ მკურნალობის ლოგიკა განსხვავებულია.
ართროზი
ტკივილი ძლიერდება დატვირთვისას და სუსტდება დასვენებით. დილის სიხისტე ჩვეულებრივ 30 წუთზე ნაკლებია. ჩვეულებრივ ერთ ან ორ დიდ სახსარს ეხება. ვითარდება წლების განმავლობაში.
ართრიტი
ტკივილი შეიძლება ღამითაც იყოს და დასვენებით არ სუსტდებოდეს. დილის სიხისტე ხშირად ერთ საათზე მეტია. შეიძლება ერთდროულად რამდენიმე სახსარს ეხებოდეს, თან ახლდეს შეშუპება, სიწითლე ან სიცხე. სისხლის ანალიზში ჩნდება ანთების მაჩვენებლები.
ზუსტ განსხვავებას ადგენს ექიმი გასინჯვის, რენტგენისა და საჭიროების შემთხვევაში სისხლის ანალიზების საფუძველზე. ეს გვერდი ვერ ცვლის კონსულტაციას.
როგორ ვცნობთ მენჯ ბარძაყის ართროზს
ყველაზე ხშირი შეცდომაა, როცა პაციენტი მენჯ ბარძაყის ტკივილს თეძოს ტკივილად აღიქვამს. ამ სახსრის ტკივილი ტიპურად საზარდულში ჩნდება და არა გვერდზე.
ტკივილი საზარდულში
ხშირად ვრცელდება ბარძაყის წინა ზედაპირზე და მუხლამდე ჩამოდის. ზოგჯერ პაციენტი მუხლის ტკივილით მოდის, თუმცა პრობლემა მენჯ ბარძაყის სახსარშია.
დილის სიხისტე
ძილის ან ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ პირველი ნაბიჯები ძნელია. გახსნას რამდენიმე წუთი სჭირდება.
სიარულის დისტანციის შემცირება
ადრე თავისუფლად გადიოდით ერთ კილომეტრს, ახლა კი ორასი მეტრის შემდეგ დგომა გჭირდებათ. ეს არის ერთ ერთი ყველაზე ობიექტური ნიშანი, რომელსაც კონსულტაციაზე ვაფასებთ.
წინდის ჩაცმის და ფრჩხილის მოჭრის სირთულე
სახსრის მოძრაობის ამპლიტუდა მცირდება. ფეხის მოხრა და გვერდზე გაწევა ჭირს. ეს ხშირად ტკივილზე ადრე ჩნდება.
კოჭლობა და სიარულის მანერის ცვლილება
ორგანიზმი ავადმყოფ სახსარს იცავს და დატვირთვას მეორე ფეხზე გადააქვს. ეს დროთა განმავლობაში ზურგსა და მეორე სახსარსაც აზიანებს.
ღამის ტკივილი
ეს უკვე მოწინავე ეტაპის ნიშანია. თუ ტკივილი ღამით გაღვიძებთ და კომფორტული პოზის პოვნა ჭირს, ეს ცალკე საუბრის თემაა ექიმთან.
რატომ არ უნდა ვუგულებელყოთ ტკივილი
ტკივილი არ არის მხოლოდ დისკომფორტი. ის იწვევს ჯაჭვურ ცვლილებებს, რომელთა ნაწილი შემდეგ უკვე შეუქცევადია. ლოდინი დაავადებას არ აჩერებს.
როცა ადამიანი თვეების ან წლების განმავლობაში ავადმყოფ ფეხს იზოგავს, სიარულის მანერა იცვლება. დატვირთვა გადადის ჯანმრთელ ფეხზე, წელზე და მუხლებზე. შედეგად ხშირად ვხვდებით პაციენტს, რომელსაც ერთი სახსრის ნაცვლად უკვე რამდენიმე პრობლემა აქვს.
გრძელვადიანი ტკივილი აზიანებს ძილს, ამცირებს ფიზიკურ აქტივობას და ხშირად იწვევს წონის მატებას, რაც სახსარზე დატვირთვას კიდევ უფრო ზრდის. ეს დახურული წრეა.
ცალკე უნდა ითქვას ფსიქო ემოციურ ფონზე. მუდმივი ტკივილი ამცირებს ცხოვრების ხარისხს, ზღუდავს სოციალურ აქტივობას და ხშირად იწვევს დათრგუნულობას. ეს არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და კონსულტაციაზე მასზეც ვსაუბრობთ.
ამავე დროს — და ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია — ექიმთან მისვლა ოპერაციას არ ნიშნავს. ადრეულ ეტაპზე მისულ პაციენტს ხშირად სწორედ იმიტომ არ სჭირდება ოპერაცია, რომ დროულად მოვიდა.
განკურნებადია თუ არა ართროზი
გულახდილი პასუხი: დაზიანებული ხრტილი თავისით სრულად არ აღდგება და დღეს არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც მას აღადგენს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი კეთდება.
ართროზის მიმდინარეობა მართვადია. სწორად შერჩეული მკურნალობა ამცირებს ტკივილს, ინარჩუნებს მოძრაობის ამპლიტუდას და ანელებს პროგრესირებას. ბევრი პაციენტი წლების განმავლობაში ცხოვრობს სრულფასოვნად ოპერაციის გარეშე.
ინტერნეტში გავრცელებული დაპირებები ხრტილის აღდგენაზე, სასწაულებრივ დანამატებზე ან პროცედურებზე, რომლებიც ართროზს „კურნავს“, არ შეესაბამება რეალობას. ვინც ასეთ გარანტიას გაძლევთ, ან ცდება, ან თქვენ არ გეუბნებათ სიმართლეს.
როცა ხრტილი ამოწურულია და ტკივილი მუდმივი ხდება, ენდოპროტეზირება ხდება გონივრული გადაწყვეტილება. ეს არ არის დამარცხება — ეს არის მკურნალობის ეტაპი, რომელსაც საკუთარი, ძალიან კარგად შესწავლილი ჩვენებები აქვს.
შედეგი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე, ასაკზე, თანმხლებ დაავადებებსა და პაციენტის აქტივობაზე. ვერცერთი მკურნალობა ვერ იძლევა შედეგის გარანტიას.
რენტგენი თუ MRI, რომელი გამოკვლევა მჭირდება
მენჯ ბარძაყის ართროზის დიაგნოსტიკის ძირითადი და უმეტეს შემთხვევაში საკმარისი გამოკვლევაა ჩვეულებრივი რენტგენი. MRI ცალკეული საკითხების გასარკვევად ინიშნება და არა ყოველთვის.
პრაქტიკული რჩევა: კონსულტაციაზე მოიტანეთ რენტგენის ორიგინალი სურათი და არა მხოლოდ დასკვნის ტექსტი. სურათი ბევრად მეტ ინფორმაციას იძლევა, ვიდრე წერილობითი აღწერა.
თუ ბათუმში ვიზიტამდე გინდათ წინასწარი შეფასება, გამომიგზავნეთ რენტგენის ფოტო WhatsApp-ით. საიტზე ფაილის ატვირთვა შეგნებულად არ კეთდება, რადგან სამედიცინო გამოსახულება განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემია.
რას ხედავს თითოეული გამოკვლევა
| გამოკვლევა | რას აჩვენებს | როდის ინიშნება |
|---|---|---|
| რენტგენი | სახსრის ღრეჩოს სიგანე, ოსტეოფიტები, ძვლის სტრუქტურა, სახსრის გეომეტრია | ყოველთვის, პირველ რიგში. ორივე მენჯ ბარძაყის სახსარი ერთ სურათზე, დგომის პოზაში |
| MRI | ხრტილი, რბილი ქსოვილები, ბარძაყის თავის ავასკულური ნეკროზი ადრეულ სტადიაზე, ლაბრუმის დაზიანება | როცა რენტგენზე ცვლილება არ ჩანს, ტკივილი კი ძლიერია, ან ნეკროზზეა ეჭვი |
| კომპიუტერული ტომოგრაფია | ძვლის დეტალური სამგანზომილებიანი სურათი | რთულ შემთხვევებში, ოპერაციის დაგეგმვისას, დისპლაზიის ან დეფორმაციის დროს |
კითხვები და პასუხები
ართროზი ასაკის გამო მჭირდება თუ არა ატანა?
არა. ართროზი მართლაც უფრო ხშირია ასაკთან ერთად, მაგრამ ტკივილთან შეგუება საჭირო არ არის. მკურნალობის რამდენიმე საფეხური არსებობს და უმეტესობა ოპერაციას არ ეხება. ასაკი თავისთავად არც ჩვენებაა ოპერაციისთვის და არც უკუჩვენება.
ჰიალურონის მჟავის ინექციები ეფექტურია?
ინექციური თერაპია ცალკეულ პაციენტებში ამცირებს ტკივილს და აუმჯობესებს მოძრაობას, განსაკუთრებით ადრეულ და საშუალო სტადიაზე. ეს არ არის ხრტილის აღდგენა და ეფექტი დროებითია. მოწინავე სტადიაზე, როცა სახსრის ღრეჩო თითქმის აღარ არის, სარგებელი მკვეთრად მცირდება. საკითხი ინდივიდუალურად წყდება.
შემიძლია თუ არა სპორტი ართროზის დროს?
მოძრაობა საჭიროა და საზიანო არ არის — პირიქით, უმოძრაობა სახსარს აუარესებს. მნიშვნელოვანია აქტივობის ტიპი: ცურვა, ველოსიპედი და თანაბარ ზედაპირზე სიარული ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება, ხოლო ხტომა, სირბილი მაგარ ზედაპირზე და მძიმე წონები დატვირთვას ზრდის. კონკრეტული რეჟიმი გასინჯვის შემდეგ განისაზღვრება.
რატომ მტკივა მუხლი, თუ პრობლემა მენჯ ბარძაყშია?
ეს არის გადაცემული ტკივილი. მენჯ ბარძაყის სახსრის ინერვაცია ისეა მოწყობილი, რომ ტკივილი ხშირად ბარძაყის წინა ზედაპირზე ვრცელდება და მუხლში აღიქმება. სწორედ ამიტომ, მუხლის ტკივილის დროს ორთოპედი მენჯ ბარძაყის სახსარსაც სინჯავს.
რამდენად სწრაფად პროგრესირებს ართროზი?
ეს ძალიან ინდივიდუალურია. ზოგიერთ პაციენტთან ცვლილება წლების განმავლობაში თითქმის არ იზრდება, ზოგთან კი რამდენიმე თვეში მკვეთრად უარესდება. სისწრაფეზე გავლენას ახდენს მიზეზი, წონა, დატვირთვის ტიპი, სახსრის საწყისი გეომეტრია და თანმხლები დაავადებები. სწორედ ამიტომ ინიშნება საკონტროლო რენტგენი დროის ინტერვალით.
აუცილებელია თუ არა ორივე სახსრის რენტგენი?
დიახ, სტანდარტულად ორივე მენჯ ბარძაყის სახსარი ერთ სურათზე გადაიღება, დგომის პოზაში. ეს საშუალებას იძლევა შევადაროთ მხარეები, შევაფასოთ მენჯის დახრილობა და ფეხების სიგრძის სხვაობა. ოპერაციის დაგეგმვისთვის ეს კრიტიკულია.
გაქვთ კითხვა თქვენს შემთხვევაზე?
კონსულტაციაზე ვნახავთ რენტგენს და გეტყვით, რა ეტაპზეა სახსარი და რა არის შემდეგი ნაბიჯი. ექიმთან მისვლა ოპერაციას არ ნიშნავს.
განახლდა: · ავტორი: ორთოპედ ტრავმატოლოგი მიხეილ მიქელაძე